“ჯორჯიან მანგანეზი” – ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში კვლავ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში კვლავ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა და დისკრეტიტაცია, – ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

“სამწუხაროდ, ამ პროცესში ისევ აქტიურად იყენებენ გარკვეულ მედიასაშუალებებს, რომლებიც მიზანმიმართულად არასწორ, გადაუმოწმებელ, დაუბალანსებელ და მეტიც, კომპანიის საქმიანობის შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ.

კომპანიას რჩება განცდა, რომ ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია გარკვეული ჯგუფების თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა, სიუჟეტების ნაცნობი ხელწერა გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ცალკეული მედიის მხრიდან შეგნებულად მიმდინარეობს კერძო კომპანიის დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან.

მეტი სიმძაფრისთვის, საჯარო ინფორმაციის გაყალბებასაც აღარ ერიდებიან, რაც დასტურდება ერთ-ერთი მედიის მხრიდან მომზადებული სიუჟეტით, როდესაც რაჭაში, სოფელ შქმერში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ კერძო კომპანიისთვის გაცემულ ლიცენზიაზე აცხადებენ, რომ პროცესის უკან „ჯორჯიან მანგანეზი“ დგას. ეს ინფორმაცია, რომ ყალბია, დოკუმენტებით დასტურდება.

ამის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა, სახეზეა ინფორმაციის შეგნებული დამახინჯება. მოგმართავთ დაინტერესებულ მედიასა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმეთ ფაქტები და დაგვიკავშირდით, ჩვენ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თქვენთან თანამშრომლობის სურვილს. ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს კომპანიას, რომელიც იმერთის რეგიონში ერთი-ერთი დიდი დამსაქმებელია და რომელსაც მნიშვენელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ ეკონომიკაში. ამასთან, კომპანია, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, იღებს პასუხისმგებლობას გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე რეგიონში და ამ მიზნით მრავალ პროექტს ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები