სუბარი: ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების მაღალი კვორუმით არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებაზე წამოსვლა შეუძლებელი იყო

ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების მაღალი კვორუმით არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებაზე წამოსვლა შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და თბითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს კვალიფიციურ უმრავლესობაზე უფრო მაღალი კვორუმით ირჩევენ და საქართველომ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონოს.

“19 აპრილის შეთანხმების მიზანი სტაბილურობა იყო. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და დესტაბილიზაციის გაღრმავებაზე წავიდა, ჩვენ დოკუმენტის ანულირება მოვახდინეთ, თუმცა, მასში ჩაწერილი პუნქტების ცალმხრივად შესრულება დავიწყეთ. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი ცესკო-ს თავმჯდომარის მაღალი კვორუმით არჩევის წესი იყო, თუმცა, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დადებით შედეგს ვერ გამოიღებდა. ეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევამ აჩვენა, როცა ეს ადამიანი ერთპარტიული წესით და 6 თვის ვადით ავირჩიეთ. როცა ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების 6-თვიანი ვადით არჩევა ხდება, პოლიტიკური ზეწოლა მარტივია და შიშის ქვეშ ექცევიან, რომ შეიძლება, მეორედ აღარ აირჩიონ. ამიტომ ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლი. ამ მიზეზით, მათი ხანგრძლივი ვადით არჩევა აუცილებელია დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები