გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

კორონავირუსით გარდაცვლილი, 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

გაიოზ ჩარკვიანი საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვს.

„განცხადებაში ვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. შეცდომა, გულგრილობა, უყურადღებობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ყველაფერი აღნიშნული, როდესაც დავიკითხებით გამოძიების მიერ მე და ჩემი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, იმის შემდეგ მიიღებს სავარაუდოდ გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერს მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენდით. პირველი, რომელიც შესაბამისად გარდაცვალების დღიდან გავრცელდა, ჩემი შვილი 12 დღის განმავლობაში არ მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, არამედ მკურნალობდა თითქმის ერთი თვე, 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე. მე და ჩემი კოლეგები გუნდური პრინციპით ვმუშაობთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კვლევა, სად რა შეცდომები არის დაშვებული, რომელსაც წარმოგიდგენთ. მე და ჩემი ოჯახის წევრებს პერსონალურად არავისთვის არ მიგვიცია პერსონალური ინფორმაციის გაჟღერების უფლება, ჩემი შვილი როდესაც იყო მართვის აპარატზე შეერთებული, ერთ-ერთ ტელეკომპანიას აქვს ჩაწერილი მავანი და მავანი პროფესორი, ჩემი ოჯახის წევრის იმ მომენტისათვის კიდევ ცოცხალი ჩემი შვილის მდგომარეობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მას არ ჰქონდა უფლება, მასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გაეკეთებინა. ზუსტად აქედან მოგმართავთ, დევი ტაბიძე, ამ ტელეფონით გელაპარაკე მისაღები დარბაზიდან, ჩემს შვილს უკვე გულის ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და თქვენი კომენტარის შემდეგ, რომელიც თქვენ ახსენეთ, საშუალო სიმძიმის პაციენტია და კვლევაში არისო. ვსვამ კითხვას, რომელ კვლევაში იყო? გარდაცვალების კვლევაში? რომელიც მისი კომენტარის შემდეგ, მისი პომპეზურობის შემდეგ სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, რამდენიმე წუთში ჩემი შვილი გარდაიცვლება“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია. მისი თქმით, აღნიშნული საქმის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები