ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა

ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი პარტია „ქართული ოცნების” მიმართ იჩენენ.

„სწორედ თქვენი ერთგულებითა და სიმტკიცით ჩვენ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. 7 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, თავისი შეცდომებით, თავისი გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს არ გავურბივართ, ვაღიარებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ და რაც მთავარია, ქვეყანა მიგვყავს წინ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა. დავამშვიდეთ ქვეყანა, დავასტაბილურეთ სიტუაცია და განვითარება და პროგრესი მოვუტანეთ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ გაათმაგებული მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომ ჩვენი მთავარი სამუშაო მომდევნო წლების განმავლობაში ეს მიმართულება იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები