“ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციას განაწყენებული წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად ტოვებენ. უფრო კონკრეტულად კი, მას შემდეგ, რაც ანაკლიის მოქმედმა მაჟორიტარმა “ნაციონალურ მოძრაობას” მაჟორიტარობის კანდიდატობაზე და პროპორციულ სიაში ჩაწერაზე უარი უთხრა, პარტიაში მხარდამჭერების გადინების პროცესი დაიწყო.
პარტია დატოვა, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურმა მხარდამჭერმა პაატა ბანდალაკმაც, რომელმაც შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
,,მოგესალმებით მეგობრებო! ეს ჩემი პირველი და ბოლო პოსტია ამ თემაზე. მოკლედ გეტყვით რომ ვინც მიცნობს, კარგად იცის რომ მე 2003 წლიდან დღემდე ვიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა არასდროს მიმიტოვებია პარტია. ახლა კი დადგა მომენტი როცა მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება გარკვეული მიზეზების გამო, დღეიდან აღარ ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ვტოვებ პარტიას!”, – დაწერა პაატა ბანდალაკმა.
შეგახსენებთ, რომ ბანდალაკი მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” 2013 წლიდან დედაქალაქში და რეგიონში ატარებდა, ასევე იგი იყო პარტიის აქტიური წევრი და საარჩევნო ზონის ხელმძღვანელი.
“კვირას” წყაროს ინფორმაციით, ბანდალაკს ჯერ საკრებულოს პროპორციულ სიაში შეყვანას დაპირდნენ, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამაზ გულუამ მეტსახელად “რონჯომ” ამაზე უარი განუცხადა, რასაც პაატა ბანდალაკის განაწყენება მოჰყვა.