თენგიზ ცერცვაძე: მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექიმების ნაწილის დისკუსიას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ადრე ჩამოთვლილი ყველა განსხვავებული პოზიცია საბოლოო ჯამში მცდარი აღმოჩნდა და ჯერჯერობით არც მისი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების სიმართლე არ დასტურდება.
„გადავწყვიტე მოკლედ გამოვეხმაურო. ამასთან შევეცდები არ შევიდე თეორიულ წიაღსვლებში, რადგან ისედაც ბევრი დაიწერა. ბოლო პერიოდში როგორც იქნა მიღწეულ იყო მომართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა და ძალიან ცუდი იქნება, თუ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრება მასზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
ბატონი გიორგი კანდელაკის მიერ გაჟღერებული იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული რიგი შესაძლო ნეგატიური შედეგები: ე.წ. VADE/ADE, ვაქცინარეზისტენტული შტამის ჩამოყალიბება, ე.წ. მჟონავი ვაქცინებით ვაქცინირებული პირების მიერ COVID-19 გავრცელების გაზრდილი რისკი, და საბოლოო ჯამში ინფექციით გამოწვეული სიკდვილობის (IFR- infection fatality rate) შესაძლო გაზრდა დღევანდელი 0.2-0.3%-იდან 0.7-0.9%-მდე და სხვ. კიდევ შეიძლება გამოჩნდეს სხვა ასპექტებიც მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი დაიყვანება ერთ კითხვაზე: ვაქცინაცია სარგებლის მომტანია და უნდა გაგრძელდეს, თუ პირიქით?
ამ საკითხზე ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საკითხზე თეორიული კამათი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა და ამიტომ ამ ეტაპზე უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული პრაქტიკული შედეგებით. რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
პრაქტიკული შედეგები კი სადღეისოდ ასეთია: ვაქცინებზე ჩატარებული კვლევების შედეგებით და სრულად ვაქცინირებული ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილებით ვაქცინაცია სარწმუნოდ ამცირებს ინფექციის ახალი შემთხვევების და მძიმე შემთხვევების/ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას და რაც მთავარია ძალიან სერიოზულად, საშუალოდ 80-90%-ით ამცირებს სიკვდილობას (მათ შორის დელტა შტამით გამოწვეულსაც). საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან 5 თვეში სამწუხაროდ დავკარგეთ 3623 ადამიანის სიცოცხლე და მათგან მხოლოდ ერთეული იყო ორჯერადად ვაქცინირებული.
სრულად ვაქცინირებული ქვეყნების ანალოგიით და მარტივი გათვლებით შეიძლება წარმოვიდგინოთ – საქართველოც რომ დღეს სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს დღევანდელი 70-80 გარდაცვალების შემთხვევის ნაცვლად გვექნებოდა 5-6 გარდაცვალება.
VADE/ADE-ს და ვაქცინარეზისტენტული შტამების რისკები:
რამდენადაც ამ კონკრეტულ ვაქცინებზე კვლევების დაწყებიდან უკვე გასულია ერთ წელზე მეტი, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან რვა თვეზე მეტი და უკვე გამოყენებულია ვაქცინების 5 მილიარდზე მეტი დოზა, მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ არსებული ვაქცინები არ იწვევენ VADE/ADE-ს ან თუ იწვევენ ისე იშვიათად, რომ ისინი შეუმჩნეველი რჩება და არ ახდენს გავლენას სიკვდილობაზე. ამავე მოსაზრებას ამყარებს ის პუბლიკაციებიც, სადაც განმარტებულია, თუ რატომ არ იწვევენ COVID-19 ვაქცინები VADE/ADE-ს (სამიზნედ სპაიკ პროტეინის გამოყენება ნუკლეოპროტეინის ნაცვლად და სხვ.). ასევე სადღეისოდ არ არის დაფიქსირებული ვაქცინარეზისტენტული შტამების გაჩენა ავადმყოფებში. ასე რომ: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!“. თუ ვაქცინარეზისტენტული შტამები მომავალში მაინც გაჩნდება, მათთან გამკლავებაც შესაძლებელია და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძვლად ისევე როგორც ბუსტერული დოზის გამოყენების ან პერიოდული ვაქცინაციის საჭიროება.
რაც შეეხება ვაქცინირებულების მიერ COVID-19-ის უფრო სწრაფი და ფართო გავრცელების რისკებს, ვერც ეს ჩითვლება ვაქცინაციისგან თავის შეკავების არგუმენტად. შესაძლოა ვაქცინირებული COVID-19-ით ინფიცირებულების უპირატესად უსიმპტომო და მცირესიმპტომიანი ფორმების გამო მათი ნაწილის დიაგნოსტირება ვერ მოხდეს და მათგან შესაძლოა დაინფიცირდნენ სხვა (ძირითადად არავაქცინირებული) პირები, მაგრამ საბოლოო ჯამში ინფექციის გავრცელების მასშტაბები მაინც გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო მას შემდეგ რაც ქვეყნები მოახერხებენ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ვაქცინაციას ეს საკითხი საერთოდ მოიხსნება.
რაც შეეხება ვაქცინაციის შედეგად IFR-ის 0.2-0.3%-იდან 0.7-0.9%-მდე გაზრდის (სიკვდილობის სულ ცოტა სამჯერ გაზრდის) შესაძლებლობას ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა და მსგავსი არსად არაფერი მომხდარა. რაც შეეხება თვითონ იმ ფაქტს რომ სადღეისოდ IFR 0.2-0.3%-ია ეს საქართველოსთვის ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან ამ შემთხვევაში 7408 გარდაცვლილის შემთხვევაში მარტივი გათვლებით COVID-19 გადატანილი უნდა ქონდეს დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს, რაც დამეთანხმებით ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბატონი გიორგი გამოთქვამს, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულ მოსაზრებას და პოზიციას COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ როდესაც საქართველომ ეფექტიანი წინმსწრები ღონისძიებებით პრაქტიკულად მოახერხა COVID-19 პანდემიის პირველი ტალღის თავიდან აცილება, ბატონი გიორგი აქტიურად გვსაყვედურობდა, თუ რატომ არ დავუშვით 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ქვეყანაში COVID-19 ინფექციის „რეგულირებადი“??!! (სიტყვასიტყვით) გავრცელება და ამით „პირდაპირ დავუმიზნეთ“ (სიტყვასიტყვით) შემოდგომა-ზამთარში გრიპის და COVID-19-ის ეპიდემიების ერთდროულ პიკურ გავრცელებას მძიმე გამოსავლებით. როგორც იცით, შემოდგომა-ზამთარში გრიპის და COVID-19-ის არანაირი ერთდროული პიკური გავრცელება არ დაფიქსირებულა. ხოლო COVID-19 პანდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილება ვერც ერთმა იმ ქვეყანამ ვერ შეძლო, ვინც გაზაფხულ-ზაფხულზეც პანდემიის პირველი ტალღა მძიმედ გადაიტანა. ამის გარდა ბატონი გიორგი ღიად ეწინააღმდეგებოდა ღია სივრცეში პირბადის გამოყენებას პანდემიის მეორე და მესამე პიკის პერიოდში მაშინ როდესაც ამ პრევენციულ ზომას პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იყენებდა, ალბათ გახსოვთ ბატონი გიორგის D-დიმერთან დაკავშირებული ბოლშევიკური პლაკატი. ბატონი გიორგი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანას და დიდ ხანს იყო COVID-19-ით მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ ტოცილიზუმაბის გამოყენების წინააღმდეგი, მაშინ როდესაც ორივე მედიკამენტი დღეს მთელს მსოფლიოში COVID-19-ის სამკურნალოდ ძირითად საშუალებებად ითვლება. ბატონი გიორგი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, COVID-19-ის დროს სიკვდილობა არ აღემატება გრიპით გამოწვეულ სიკვდილობას მაშინ როდესაც ამ ორი დაავადებით გამოწვეულ სიკვდილობას შორის სულ ცოტა ხუთჯერადი განსხვავებაა.
როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა განსხვავებული პოზიცია საბოლოო ჯამში მცდარი აღმოჩნდა. ჯერჯერობით არც მისი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების სიმართლე არ დასტურდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად უნდა გაგრძელდეს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.