ლევან დავითაშვილი: წელს სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს – ეს უპრეცედენტო რიცხვია
„ქართული ოცნების” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენაზე ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და, ჩვენი ვარაუდით, 1 200 000 000 დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია, ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირდაპირი ამოცანა, რომ ჩვენ მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციასა და ნაწარმს. პრემიერმინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10-წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითოეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული. ასევე, მოცემულია თითოეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითკმარი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი მონდომებითა და ერთად მუშაობით.
„მინდა, თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის, ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, თანადაფინანსებას, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ყველა მიმართულებაში; მხარდაჭერას როგორც მრავალწლიანი კულტურების გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ჰქონდა, სრულად გამოვიყენოთ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.