შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიაში ხედავენ, რომ, ხმებზე პარაზიტობის მცდელობის მიუხედავად, “ქართული ოცნება” დიდად ვერ დააზიანეს
“გახარიას პარტიაში ხედავენ, რომ, „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობის მცდელობის მიუხედავად, დიდად ვერ დააზიანეს ის, ამიტომ, ეს განცხადება არის იმედგაცრუების გამოძახილი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ხმების 50%-ის აღების შემთხვევაშიც კი შეიძლება, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს.
პაპუაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა.
„გახარიას განცხადება, სადაც ამბობს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ხმების 50%-ის აღების შემთხვევაშიც კი შეიძლება, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს, რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული მიდგომა. ჩანს, რომ ეს არის იმედგაცრუება გიორგი გახარიას მხრიდან, ვინაიდან ჩვენ, ყველა ვხვდებით და კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი, რომ დღეის მონაცემებით 3-4%, „ქართული ოცნებიდან“ წაღებული აქვს გახარიას პარტიას, მაგრამ ვიმუშავებთ, რომ ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან. ფუნქცია, რომელიც გახარიას პარტიას ჰქონდა, რომ რამენაირად დაეზიანებინა „ქართული ოცნება“ და მისი მოწონება 53 %-ზე ქვემოთ ჩამოეწია, ამოწურა. ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობის მცდელობის მიუხედავად, დიდად ვერ დააზიანეს „ქართული ოცნება“, ამიტომ, ეს არის იმედგაცრუების გამოძახილი. „ქართულ ოცნებას“ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.