ნანა კაკაბაძე ,,ოცნების” მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ობიექტურობა დაიცვან.

“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დადებითად აფასებს შარლ მიშელის დოკუმენტიდან ხელისუფლების გასვლის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს.

„შარლ მიშელის ცალმხრივი ხელშეკრულებიდან გამოსვლით ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც ამყარებს როგორც პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას, ისე ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ ფონზე ნეგატიური შეფასებები, მით უფრო მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, ხელს არ უწყობს სწორი აღქმების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მუდამ ეძებდნენ მოკავშირეებს დემოკრატიულ სამყაროში. მრავალი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ედგა გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მისწრაფებაში, რისი მადლიერიც ჩვენ მუდამ ვიქნებით. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც არასწორად მივიჩნევდით ჩვენი პარტნიორების პოზიციებს ამ გზაზე და ამას ღიად ვაფიქსირებდით.

ამჯერადაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებები და მოწოდებები ზოგიერთ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მიკერძოებული და არაობიექტური. საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრებმა, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით მივმართეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას, რათა დაიცვან ობიექტურობა და მიუკერძოებლობა საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას.

ჩვენს მიმართვაში მითითებულია იმ რისკის რეალურობაზე, რომ ასეთი შეფასებებისა და ანალიზის დროს ბალანსის დაუცველობა და საქართველოს მოქალაქეთა მენტალიტეტისათვის მიუღებელი ღირებულებების დამკვიდრების კატეგორიული მოთხოვნა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ანტიდასავლური განწყობილებების გაღვივებისთვის. ეს კი არ შედის არც ჩვენი ქვეყნის და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები