ვლადიმერ ბოჟაძე: ფაქტი, რომ “ნაცმოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას ,,გაშავებას”, ხოლო ბოლო პერიოდია ცდილობენ გახარიას ,,გაპიარებას”, კითხვებს აჩენს
“ფაქტი, რომ “ნაცმოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას ,,გაშავებას”, ხოლო ბოლო პერიოდია ცდილობენ გახარიას ,,გაპიარებას”, კითხვებს აჩენს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალიან რთული იქნება, ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერმინისტრიც იყავი და თან ებრძოლო იმათთან ერთად, ვისაც ასე ,,გამალებული ებრძოდი” 18 თებერვლამდე.
,,გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართებაო და უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს. ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას ,,გაშავებას”, ხოლო ბოლო პერიოდია ასევე გამალებით ცდილობენ გახარიას ,,გაპიარებას”, დეტალურად იციან მისი გეგმა, ყველა თარიღი, ადგილი, გუნდის წევრები და ა.შ. ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. გასაგებია, რომ გიორგი გახარია, რომელმაც გუნდს ყველაზე პრინციპულ საკითხზე ყველაზე პრინციპულ დროს უღალატა, აუცილებლად დაუპირისპირდება ,,ქართულ ოცნებას”, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში რადიკალურ ოპოზიციაში იპოვის პოლიტიკური დასაყრდენს, სავარაუდო დაფინანსებაც და ტელევიზიაც, ძალიან გაუჭირდება იმ ამომრჩევლების მიმხრობა ვინც მასში ,,მესამე ძალას” ეძებს. ძალიან რთული იქნება ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და თან ებრძოლო იმათთან ერთად, ვისაც ასე ,,გამალებული ებრძოდი” 18 თებერვლამდე”, – წერს ბოჟაძე.