მეუფე დიმიტრი: ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ლამაზი არ იყო, დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის
“ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ლამაზი არ იყო, დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„ძალადობა ყოვლად დასაგმობია ეს ლამაზი არ იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ გასათვალისწინებელია. ამ ყველაფერს ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს, თუნდაც, გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები.
თქვენ იცით, ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში – არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე და იქნება აუარებელი ჩასული მომლოცველი. ცხადია, შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, სალოცავში აღარ უშვებენ მომლოცველებს, ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკით მედიასთან ერთად, იცით, რომ უსიამოვნება მოჰყვებოდა, ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს.
რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, აქ ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს მეუფე სტეფანეს“,- განაცხადა მეუფე დიმიტრმა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.