მიხეილ სარჯველაძე: გირაოთი პატიმრობის შენაცვლება ვერ იქნება განხილული, როგორც „ამნისტიის კანონის“ ალტერნატივა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  გირაოთი პატიმრობის შენაცვლება ვერ იქნება განხილული, როგორც „ამნისტიის კანონის“ ალტერნატივა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსთან და პრინციპებთან ყველაზე ახლოსაა.

“ის ეტაპი, რომელზეც ახლა გვაქვს საუბარი, ეს ეხება გირაოს და პატიმრობის შენაცვლებას, ვფიქრობ, ვერ იქნება განხილული, როგორც ალტერნატივა ამნისტიის კანონისა. ამნისტიის კანონპროექტი ამისგან დამოუკიდებელია და პრაქტიკულად, უკვე იმ სტადიას არეგულირებს, როდესაც გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს სასამართლომ. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები პარლამეტში შემოსული ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ამნისტიასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად ასეა. ორი კანონპროექტია ინიცირებული, ჩვენ ვთვლით, რომ სწორია ის პოზიცია, რომელიც ასახულია და გადმოცემულია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტში, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად ახლოსაა იმ შინაარსთან და იმ პრინციპებთან, რომელსაც აერთიანებს შარლ მიშელის დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პათოსის მიხედვით ვიმსჯელოთ და ნუ გავხსნით ხელახლა დისკუსიებს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება პირიქით, საწინააღმდეგო იყოს იმ იდეისა, რასაც ამ შემთხვევაში გვთავაზობს 19 აპრილს მიღწეული დიდი პოლიტიკური შეთანხმება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები