გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან, ლევან რატიანთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, პაატა იმნაძესთან.
მისივე თქმით, ადვოკატებისთვის კონკრეტული გარემოებები საინტერესოა და დასაზუსტებელი.
”სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ლევან რატიანი არ გამოკითხულა. გვაქვს მასთან კითხვები, სიცოცხლისდროინდელ ერთ-ერთ დიაგნოზად რატომ არ მოიხსენიებს კოვიდს. დამაზუსტებელი კითხვები გვაქვს პაატა იმნაძესთან დაკავშირებითაც. პაატა იმნაძემ კოვიდის არსებობა არც დაადასტურა და არც უარყო, შესაბამისად, გვაქვს კითხვები. ადვოკატებისთვის კონკრეტული გარემოებები საინტერესოა და დასაზუსტებელი”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.