დავით ბაქრაძე: პოლიტპატიმრების საკითხი იქნება პირველი თემა, რასაც გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა მოჰყვეს ყველა სხვა საკითხი

მიუხედავად იმ უმძიმესი ფონისა, რაც ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაკავებით შექმნა, არ შეიძლებოდა არ გამოგვეყენებინა პრეზიდენტ მიშელის პირადი მონაწილეობა, ამიტომ მოვედით და მზად ვართ მოლაპარაკებისთვის , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ინიციატივამ ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, არსებული რეალობა შეცვალა.

„ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ შეხვედრის შესახებ და მისმა მზადყოფნამ, რომ პირადად ჩაერთოს ამ დიალოგში და აიღოს შუამავლის ფუნქცია, შექმნა ახალი რეალობა და შექმნა იმის შანსი, რომ მიუხედავად ნიკა მელიას დაკავებისა, რითაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დახურა დიალოგის კარი და პერსპექტივა, დღეს ეს შეხვედრა შედგეს. ამიტომ შევდივართ ამ შეხვედრაზე.

პირველი, რაც იქნება ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა, ეს არის ნიკა მელიას გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, რთულს, მაგრამ იმ სტატუს-კვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით პოლიტიკურ თემებზე საუბარს. ეს სტატუს-კვო ხელისუფლებამ ამ კვირაში ნიკა მელიას დაპატიმრებით დაანგრია. ამიტომ, პოლიტპატიმრების საკითხი იქნება პირველი თემა, რასაც შემდეგ გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა მოყვეს ყველა სხვა საკითხი.ბუნებრივია რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები