თამარ გაბუნია: ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება.
გაბუნიას განმარტებით, “კოვაქსმა” საქართველოს აცნობა, რომ “ფაიზერმა” დამატებითი მოთხოვნა წამოაყენა.
“დღეს არის პირველი მარტი, ჩვენ დღესაც ველოდებით “ფაიზერისა” და “კოვაქსისგან” სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობით, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ქვეყანას აქვს. ამდენად, ქართული მხარის მხრიდან, “ფაიზერთან” მიმართებაში შეფერხება არცერთი წუთით არ ყოფილა და როგორც კი ჩვენ გვექნება “ფაიზერის” საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავა უკვე მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე, სადაც დადგება თანხის გადახდის ეტაპი. თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა “ასტრაზენეკასთან” მიმართებით. ჩვენ ვყიდულობთ “ასტრაზენეკას” იუნისეფის მეშვეობით, მისი მოწოდების მექანიზმი გამოცდილია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება.
დღეს გაჟღერდა ინფორმაცია “ინტერპრესნიუსის” მეშვეობით, რომ თითქოსდა საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ “კოვაქსს” და ვთხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა სააგენტოს საშუალებით, რადგან იმ წერილებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს მიღებული “კოვაქსისგან”, ეს არის 22 თებერვლის წერილი გადავადების მიზეზი არის ცალსახად მითითებული – “ფაიზერის” მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც ქვეყნის მზაობას სრულებით არ უკავშირდება. ქვეყნის მზაობა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეფასდა არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან რომელიც დაისვა “ფაიზერის” ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად”, – განაცხადა გაბუნიამ.