დავით სერგეენკო: მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა, არა – დრამატული
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა, არა – დრამატული.
სერგეენკოს თქმით, გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.
„გამიჭირდება დასაბუთება, რამდენად გამოსავლის გასაუმჯობესებელი გადაწყვეტილება იყო გიორგი გახარიას მხრიდან. მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა, არა – დრამატული, რადგან ხვალვე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გაგრძელდეს შეუფერხებლად და სამართალი აღსრულდეს.
გამიჭირდება, სრულყოფილად შევაფასო მისი ნაბიჯი, ეს მოულოდნელი იყო, გულახდილად, დღეს გავიგე. ვიცოდი, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი მასშტაბით დიდია, თუმცა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს უფრო დრამატულია, ვიდრე პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ა.შ. ამ ეტაპზე შემიძლია, ვთქვა, მიუხედავად ამ ნაბიჯის მნიშვნელობისა, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა არ შეფერხდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.