ნიკა მელია: ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ

“ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა, განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“.

„დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთსა და იმავე კითხვას, თითქოს, არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა, განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

5 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები