მიხეილ ყაველაშვილი – სააკაშვილზე: უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს, ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი
“უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს. ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
ყაველაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.
“უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს. ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი. ეს განცხადება ამ ადამიანის მიერ არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ არ შეიძლება, ვინც უნდა იყოს, ჩემი ძმაც რომ იყოს, კანონზე მაღლა დადგეს. არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება. ამ ნარატივით მართავდნენ ქვეყანას. ერთადერთი, რაც მათ არ აქვთ, ეს არის ძალაუფლება, თორემ გააორმაგებდნენ იმ საშინელებას, რაც მათი მოღვაწეობის დროს ხდებოდა. მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, ვისაც ის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ადამიანს ყველაფერი აკადრა, რაც კი ავტორიტარულ რეჟიმს შეეძლო, ადამიანისთვის ეკადრებინა. უკადრებელიც კი იკადრეს”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში”.