ხატია დეკანოიძე – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ – ეს ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს
“უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს, საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს.
“დიდებული დღეა. უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს, საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე.
ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს. პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო.
მადლობა ჩვენს შეირაღებულ ძალებს, პატრიოტებს, ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეზე ბოლომდე მუშაობდა”,- წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.