“ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხსა და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას, მან უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი დაამკვიდრა” – ეკატერინე ტიკარაძე

“ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხსა და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ივანიშვილმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი. კერძოდ, როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი.
„თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. რაც შეეხება ამ რეფორმებს, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე, სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, ის ჯანდაცვის რეფორმები, რომლებიც აუცილებლად მუდმივად იქნება ასოცირებული მის სახელთან.
მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ იტყობინებოდა. მან თავისი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები