ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმისთვის კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა
„National Geographic-ის მიერ საქართველოს და, კერძოდ, სვანეთის დასახელება მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის კიდევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდშიც იქნება ბევრი და თვისობრივად ახალი გამოწვევა, თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა.
„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური სტიმულირების ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს პანდემიის პირველივე ეტაპიდან”, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო ისეთ მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.
National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.” 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.