კახაბერ კუჭავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოპოზიციაზე გაცილებით მეტადაა ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ კუჭავამ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში ისტორიული დღეა.
„ბატონი პომპეო ოპოზიციაზე გაცილებით მეტადაა ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და არაფერს ახალს არ გაიგებს ოპოზიციასთან შეხვედრით, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იმდენად მაღლა დგას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, დადგეს ქუჩაში და გარკვეული საკითხი, რომელიც მისთვის მიუღებელია, გააპროტესტოს. მით უმეტეს, ამერიკისთვის არ არის ეს უცხო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კუთხით. მთიან ყარაბაღში განთავსებული ე. წ. სამშვიდობო ძალები საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, ამიტომ, ის დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს, ჩვენ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა საჭიროებს, საქვეყნოდ კიდევ ერთხელ დადასტურდეს. ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მხოლოდ 7 სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას სტუმრობს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს, რომ არათუ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს, არამედ ძალიან დიდი გეგმები არსებობს”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.