გია ვოლსკი: ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა
“ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ უამრავი მოქალაქე ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩება, ერთმანეთს ემთხვევა.
„ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა – ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი ისე, რომ ვერ მისცემს ხმას. საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, გარკვეულწილად – ლევანმა, ვფიქრობ, წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა. სამწუხაროა, რომ ეს ხდება პოლიტიკოსებს შორის პარლამენტში, მაგრამ ახასიათებს წინასაარჩევნო პერიოდს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომა დატოვა. ლევან გოგიჩაიშვილსა და შოთა ხაბარელს შორის დაპირისპირება ბიუროს ოთახის შესასვლელთანაც გაგრძელდა. დეპუტატებს შორის კამათი გოგიჩაიშვილის მიერ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საკითხზე კრიტიკამ გამოიწვია.