კახა კალაძე: ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
“მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს ამ ისტორიულ ადგილზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა.
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რაც საქართველოს უდიდესი წარსულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ხონი საეპისკოპოსო ცენტრად იქცა, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზე, კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ღირებულებაზე მეტყველებს.
ყველაზე კარგად აქ შეკრებილმა ადამიანებმა იციან, თუ რა ხდებოდა ხონში 2012 წლამდე. მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული, შეფერხებული იყო განვითარება, ქალაქში შექმნილი დოვლათი კი ერთეული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს.
კონკრეტულად ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, რაც სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამშრომლობის უნიკალურ მაგალითებს ქმნის და საბოლოოდ კეთილდღეობის ზრდისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და მეტი განვითარებისკენ არის მიმართული.
რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სოფლების განვითარების ხელშეწყობა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მომავალში განათლებას, კულტურის განვითარებას, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი მომავალი თაობები და ახალგაზრდები.
დამერწმუნეთ, წინსვლის პარალელურად, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიღწეული საკმარისი არ არის. ზუსტად ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ისიც ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა”,-აღნიშნა კახა კალაძემ.