მარინა ეზუგბაია: მთავარია, კორონავირუსის ასეულობით შემთხვევები არ გვქონდეს, როგორმე, არსებული მონაცემები უნდა შევინარჩუნოთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის სტატისტიკა შიდა ტურიზმთანაა დაკავშირებული.
ეზუგბაია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“მეორე ტალღაზე ვლაპარაკობთ, როცა იქნება ზამთრის სეზონი. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, როცა მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა კოვიდ-19-თან, მოსალოდნელია – მეორე ტალღაზე ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, გვაქვს დაავადების მატება, რომელიც შიდა ტურიზმთანაა დაკავშირებული. ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს ძალიან მძიმე ტვირთად არ დააწვება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია, ასეულობით შემთხვევები არ დაგვეწყოს, როგორმე, არსებული მონაცემების შეკავება გვჭირდება. კორონავირუსი დაავადების ინკუბაციური პერიოდის პირველი 2 დღიდან, თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში გადამდებია.
შემთხვევების მატება დაავადების მეტად გავრცელების მანიშნებელია, რის გამოც ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს. თითოეული მოქალაქის, ჩემი, თქვენი, ჩვენი ახლობლების თავდაცვა რეგულაციების შესრულება გახლავთ. პირბადე და დისტანცია აუცილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.