„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია ჭიათურის სკოლების ხელმძღვანლებთან შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა – მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მან პედაგოგებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლების დღის წესრიგში დგას და მოზარდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.
საუბარი ასევე შეეხო, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ზე ისაუბრეს, შეფასდა გასული სეზონი და მოხდა “ეკოლოგიკა 2020“-ის დაანონსება.
სკოლის დირექტორებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეიკრიბება და კომპანიის ხელმძღვანლობას მოზარდების საჭიროებების შესახებ მოუთხრობს.
“სკოლების ხელმძღვანლებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და იმ შესაძლო პროექტებზე, რომელიც გვინდა და გვაქვს სურვილი, რომ ერთად განვახორციელოთ, მათ შორის, იქნება ეს სხვადასხვა სახის წრისა თუ სპორტული კლუბის ჩამოყალიბება. შევჯერდით, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავსახავთ.
ასევე, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გადაწყვიტა, რომ დააფინანსოს 4 წარმატებული აბიტურიენტი და მათ მთელი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია. ვფიქრობ, ეს ფაქტი მათ წაახალისებს. პედაგოგებმა გაგვიზიარეს, რომ გასაძლიერებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებითაც ზოგად იდეაზე შევჯერდით, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავხვეწთ და ქალაქში სხვადასხვა სახის სპორტულ წრეს ჩამოვაყალიბებთ.
ვფიქრობ, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ სხვა მრავალ აუცილებლობასაც დააყენებს დღის წერიგში, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ძალიან წარმატებით გადავლახავთ“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.
შეხვედრა ჭიათურასა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან ადგილობრივ რესურსცენტრში გაიმართა და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.