მარინა ეზუგბაია: დროებით შევაჩერეთ კოვიდით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება, გამართული ინფრასტრუქტურა ჩვენი ცენტრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
“ჩვენ დროებით შევაჩერეთ კოვიდით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება. დანარჩენი პაციენტების მიღება-მკურნალობას ვაგრძელებთ”,– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საავადმყოფოსთვის მაღალპროფესიონალიზმთან ერთად, ხარისხის შენარჩუნებისთვის გამართული ინფრასტრუქტურა აუცილებელია.
„ჩვენ დროებით შევაჩერეთ კოვიდით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება. დანარჩენი პაციენტების მიღება-მკურნალობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც ეპიდემიების მართვის პერიოდში არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მაღალპროფესიონალიზმთან ერთად, ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა დღევანდელ პერიოდში არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება, ეს არის გადაუდებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება და ისიც, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.