თენგიზ ცერცვაძე: კრიზისის წარმატებით მართვის ერთერთი მსხვილი კომპონენტი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ჭერი
“კრიზისის წარმატებით მართვის ერთერთი მსხვილი კომპონენტი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ჭერი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ინფექციურმა საავადმყოფომ ყველაზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს უმკურნალა და კარგი მაჩვენებელიც აქვს.
„ის, რომ საქართველო ძალიან წარმატებით გაუმკლავდა კოვიდ პანდემიას, რაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არის მთელი სახელმწიფო ვერტიკალის დამსახურება, რომელმაც ძალიან დროულად, მაშინ, როცა სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს არ ან ვერ შეძლეს, ადრეული ინტერვენციების, ადეკვატური და დროული საპასუხო ღონისძიებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში დღეს არის დაავადების ყველაზე მცირე შემთხვევა ევროპის ქვეყნებს შორის და ყველაზე მცირე გარდაცვლილი, რაც გაკვირვებას იწვევს მთელ მსოფლიოში. ამ პროცესში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო პირველი მიმღები და შემდეგ მთავარი მიმღები კოვიდინფიცირებული ავადმყოფების. გატარებული ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა – 266, ჰყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი. ესეც არის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს ცენტრი, ჩვენ, პრემიერის დავალებით ვხელმძღვანელობდით, კოორდინაციას ვუწევდით მთელ პროცესს „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვისას. აი, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, ენით აუღწერელ პირობებში. მედიის დამსახურება ძალიან სერიოზულია იმაში, რომ მთავრობის ყურამდე მიგქონდათ ის გაჭირვება და უმძიმესი სიტუაცია, რომელშიც ეს ცენტრი მუშაობდა, ამაზე საუბრობდა უამრავი პაციენტი, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ სავალალო მდგომარეობას და ავრცელებდნენ მას. ვცდილობდით ჩვენ, იყო არაერთი მცდელობა შვიდი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გამოიყო ტერიტორია სხვადასხვა ადგილზე, რამდენჯერმე გაკეთდა პროექტი, რამდენჯერმე გამოყოფილი იყო თანხებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელება ვერ ხერხდებოდა.
დღევანდელმა მთავრობამ, რომელიც ყველას მიერ აღიარებულია დამოუკიდებლად პოლიტიკური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა, თუ რაღაც სხვა ინტერესებისა, რომ ბატონ გახარიას მეთაურობით ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას, ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდება ან უკვე გახდა სწორედ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი. გარდა იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი პირობები, რომელიც ხელს გვიშლიდა, დაგვედო უკეთესი შედეგები, სახელმწიფოს უხდებოდა, ყოველწლიურად კომპანია „ავერსისთის“ გადაეხადა საიჯარო ხელშეკრულების ღირებულება, ძალიან სოლიდური თანხა, წლიურად დახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი, რაც ძალიან დიდ ტვირთად აწვა სახელმწიფოს. საერთაშორისო მსოფლიო პრაქტიკით და რეკომენდაციებით, მსოფლიოში ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს და აქვს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ერთი სამედიცინო დაწესებულება მაინც, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს განსაკუთრებით საშიში, მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა.