ლევან დავითაშვილი: სამუშაო ძალა ნაწილდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს

“სამუშაო ძალა ნაწილდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი.

„კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ზოგადად, მობილობა შემცირებულია, მათ შორის, საერთაშორისო მობილობა შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ – ორგანიზებულად. სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა ახალ სამუშაო ძალაზე მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით, ახლა აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ძალიან ინტენსიური მოსავლის აღების, დაბინავების სეზონი იქნება კახეთში, რომელიც უკავშირდება ყურძნის მოსავალს, რთველს.

„პირველ ყოვლისა, ატმის კულტურას ეხებოდა ეს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის დასაქმებული. გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასა და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღების, დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება ყურძნის მოსავალს, რთველს.

ჩვენი მოლოდინით თხილის კულტურაშიც მოსავლის წარმატებული დაბინავება გვექნება. სეზონური დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ შეიძლება, მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ვფიქრობთ, ეს ერთ რამეზე მეტყველებს – სოფლის მეურნეობაში მიმდინარე, ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი, დავინახეთ საკმაოდ გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო აქტივობა ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად, ყველა კუთხეში, ძირითად, პერსპექტიულ დარგებში განსაკუთრებით. აღნიშნული იძლევა საშუალებას, მეტი ადამიანი დასაქმდეს, რომელიც მიიღებს მეტ ანაზღაურებას, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, პროცესების ორგანიზებულად მართვის, რეგიონებსა და უწყებებს შორის კოორდინაციით შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და მოსახლეობისთვის მდგომარეობის გარკვეულწილად შემსუბუქება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები