ამირან გამყრელიძე: ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელი იქნება
“ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელი იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აუცილებელია.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ, დაახლოებით, 1077 ადამიანი. 24 კორონავირუსზე პოზიტიური იყო. 94 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა და კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალაში.
გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება, არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რამეთუ, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობაზე – ლილოს ბაზრობა, დინამოს ბაზრობა, სხვადასხვა სასურსათე პროდუქტების ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება მეტი ყურადღება, აუცილებელია თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.