გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ორივე ინციდენტის შესახებ ჰყვება.
მისი თქმით, ტერიტორია ამირხანაშვილმა, ახვლედიანმა და შაქარაშვილმა პირველი ინციდენტის შემდეგ დატოვეს, ხოლო როდესაც ქათამაძესთან მისაშველებლად დაბრუნდნენ, უკვე მეორე მანქანა გაჩერდა და მეორედ მოუწიათ გაქცევა.
“ლისზე რომ წავიდნენ 6 თუ 7 კაცი, დარჩა ეს 6 ადამიანი. კარგად ჩანს, რომ კარგ ხასიათზე არიან, ამ დროს ჩერდება მანქანა და გადმოდის 2 დიდი ადამიანი რკინის ხელჯოხით, ახვლედიანი ასე ამბობს. ერთს უქნევს კოკოს და ფეხზე ხვდება, მეორეს – ქათამაძეს, გადახსნილი აქვს სახე და ვარდება იქვე. ახვლედიანი, შაქარაშვილი და ამირხანაშვილი მორბიან და არ ვიცით, ფოტოგრაფი უკვე ამ დროს სად არის. ამის შემდეგ თითქმის გადმორბიან არაგვის ხიდს, დაახლოებით 1 კილომეტრს. იხედებიან უკან, არავინ არ მოსდევთ და ბრუნდებიან მეგობრებთან. მათ ხვდებათ მხოლოდ ქათამაძე, მეორე, როგორც მერე გავიგე, გადაუდგა ტაქსის, გააჩერა და დაბრუნდა თბილისში. როდესაც მიუახლოვდნენ ქათამაძეს, ამ დროს ჩერდება მეორე უფრო მუქი ფერის მანქანა, გადმოდის ორი მამაკაცი, გინებით მორბიან და ესენიც გაიქცნენ ისევ მცხეთის მიმართულებით. გავრბოდი მანამ, სანამ არ დავინახე ბეტონის ფილა, რომელიც გაწყდა და მანდ ჩავუხვიეო, ამბობს ახვლედიანი. პირველი მიდიოდა შაქარაშვილი, შემდეგ ახვლედიანი და უკან ამირხანაშვილი. ჩახვევის შემდეგ ვინ სად დაიმალა, აღარაფერი აღარ დაუნახავს. ის, რომ ახვლედიანმა დაინახა, შაქარაშვილს მისდევდნენ, არაა სწორი, ჩახვევის შემდეგ აღარ დაუნახავს. ზუსტად ვერ ასახელებს, მოსდევდა 2 თუ 3 პიროვნება.
ვინ დაარტყა ამაზე ამბობს, რომ დეტალურად პიროვნების ამოცნობა არ შეუძლია სიბნელის გამო, თუმცა სილუეტის ამოცნობა შეუძლია,”- აცხადებს მზია ქასრაშვილი.
მზია ქასრაშვილის თქმით, ვახო ახვლედიანმა შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ მეორე დღეს გაიგო. ასევე, აღნიშნავს, რომ ცრუ ინფორმაციები არ უნდა გავრცელდეს და ყველას ვალდებულებაა, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და გამოძიებას.