მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველომ, ჯამურად, 400 ათასამდე „კოვიდ-19“-ის ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 „პისიარ“ ტესტი და, ასევე, ანტისხეულსა და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი.

მსოფლიო ბანკის ცნობით, შეძენილი ტესტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშუალებას იძლევა.

„ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მედიატორობით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის შეძენილ იქნა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი ისევე, როგორც – გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.

მსოფლიო ბანკი ერთერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს „კოვიდ-19“-თან გამკლავებისთვის მხარდაჭერა აღმოუჩინა და ის ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პროექტი 2020 წლის პირველ მაისს დაამტკიცა, პროექტი პანდემიაზე მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF), რომელიც მთავრობას დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე, ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტაინ მოლინეუსის თქმით, „კოვიდ-19“-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში. „კოვიდ-19“-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით ისევე, როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები