კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია
საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორი შემთხვევის პირველწყარო დაუდგენელია და საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.