კახა კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.
„ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა და გადაწყდა, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.
„მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ იყო დაწესებული ეს შეზღუდვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცემერს, ირაკლი ხმალაძესა და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საფუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული იყო.