დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან დისტანციურ შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან შეხვედრა, დისტანციურ რეჟიმში გამართა.
შეხვედრაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება და მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.
ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ COVID-19-ზე რეაგირების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო კლინიკების პერსონალური დაცვის საშუალებებით მომარაგება. UNICEF-ის ორგანიზებით ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
დავით სონღულაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო. აღნიშნა, რომ ევროპის დღეების კამპანია წელს ციფრულ რეჟიმში იმართება, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლის თავზე დასრულდება.
,,ევროპის დღეების ფარგლებში დაწყებულია ესეების კონკურსი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ონლაინ დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II”-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით” – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს სამომავლო გეგმები გააცნო რომელთა განხორციელებაც კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მოხდება.