პანდემიის პერიოდში, რუსთავის მერიამ ოთხი სხვადასხვა სოციალური პროგრამა განახორციელა
სოციალური პროექტები, რომლებიც რუსთავში პანდემიის პირველივე დღეებიდან ამოქმედდა, დღემდე გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს, მერიის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს: პროდუქტების კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება.
მათივე ცნობით, მერიის ქოლ ცენტრში ყოველდღიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში დაახლოებით, 500 ბენეფიციარს პასუხობს. ასევე, ყოველდღიურად, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაახლოებით, 300 ოჯახს უწევენ მომსახურებას. პროდუქტების განაწილების პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირადად ესწრება.
“მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, ყოველდღიურად ხდებოდა მოსახლეობის საჭიროებების გაანალიზება, შესაბამისად, გაჩნდა პროგრამები, როგორც საკვები პროდუქტით, ისე მედიკამენტებით და ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის. ბოლო პერიოდში, გამოიკვეთა ინტერნეტის პრობლემაც. დისტანციური სწავლის პროცესში, ხელი რომ არ შეშლოდათ ბავშვებს, ეს პროგრამაც ავამუშავეთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ზარები ცხელ ხაზზე კლებულობს. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ პროგრამებს და მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც დახმარება ამ ეტაპზეც სჭირდება“, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტები 20000 -ზე მეტ რუსთაველ ოჯახს შეეხო. პროდუქტის კალათა – 18 757 ბენეფიციართან, მედიკამენტები 1200 , ხოლო ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი 150 -ზე მეტ ოჯახშია მიტანილი. ამოქმედებულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს და პირველ ეტაპზე, მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ეს დახმარება, 600-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს შეეხება. პროგრამები მერიის სარეზერვო ფონდიდან და კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდება.