“ჩვენს არცერთ პაციენტს, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მართვითი სუნთქვა არ სჭირდება”
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, გუშინ ტესტირების შედეგად 9 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან 21 პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია.
გუშინ ტესტირების შედეგად 9 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. მანამდე, რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტი იმყოფებოდა. გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა ერთი პაციენტის გადაყვანა საჭირო, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ არიან.
ჩვენს არცერთ პაციენტს, რომელიც დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და კორონავირუსი აქვს დადასტურებული, საბედნიეროდ, მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. არ აქვთ სუნთქვის მძიმე მოშლა, თუმცა მათ უმეტესობას პნევმონია აქვს დადგენილი.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებზე და მედდებზე პასუხები მიღებულია, მაგრამ დაწვრილებით ინფორმაციას ინფიცირებულ პაციენტებზე ვერ გავცემთ.
შემიძლია გითხრათ, რომ იმ დადებითიდან, რომელიც არის ჩვენთან მოთავსებული, ცხრავეს ეპიდ ანამნეზი ცნობილია. სხვადასხვა კლასტერებს მიეკუთვნებიან. ზოგი საზღვარგარეთიდანაა შემოსული, კარანტინში იმყოფებოდა და იმას დაუდასტურდა. გვყავს პაციენტი, რომელიც უცხოეთში გაიტესტა, ნეგატიური იყო პასუხი, მაგრამ, ცხელება გრძელდებოდა და პისიარ ტესტით აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფექცია ჰქონდა.
ამ წუთას, 11 ინფიცირებული გვყავს”, – განაცხადა გოფოძემ.