გერმანიაში ათასობით უცხოელი მეძავი ქუჩაში დარჩა – ბორდელები და საზღვრები ჩაკეტილია

გერმანიაში ბორდელებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ათასობით მეძავი ქალი ქუჩაში დარჩა, – ნათქვამია Reuters-ის პუბლიკაციაში.

აღინიშნება, რომ პროსტიტუცია გერმანიაში ლეგალური ბიზნესია, გასულ თვეს კი ქვეყნის ხელისუფლებამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ბორდელი დაკეტა ისეთივე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მსგავსად, როგორებიც არის რესტორნები და ღამის კლუბები.

როგორც გამოცემას ბერლინში ეროტიკული და სექსუალური ხასიათის მომსახურების ასოციაციის ლობისტური ჯგუფის წევრმა, ზუზანე ბლაიერ ვილპმა განუცხადა, გერმანიაში მომუშავე 100-200 ათასი მეძავიდან, 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათი უმრავლესობა ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან არის.

“უმრავლესობამ სახლში დაბრუნება შეძლო. მაგრამ დანარჩენები უსახლკაროდ დარჩნენ, საუბარია 3-4%-ზე, რომლებიც ჩვენთან ფულის საშოვნელად ჩამოვიდნენ და მოწყვლად ფენას მიეკუთვნებიან. ამჟამად, ისინი ან მეგობრებთან, ან ქუჩაში ცხოვრობენ”, – აღნიშნა ვილპმა.

Reuters წერს, რომ ზოგიერთი ულუკმაპუროდ დარჩენილი მეძავი, არალეგალურად მუშაობას აგრძელებს, ფასიან მომსახურებაზე მოთხოვნა კი დაინფიცირების საფრთხის მიუხედავად, შენარჩუნებულია.

გერმანიაში, სექს-მუშაკები თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, ისინი გადასახადებს იხდიან და თეორიულად, სამთავრობო ფონდიდან ფინანსური დახმარების მიღების უფლებაც აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები