სოლომონ პავლიაშვილი მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდა და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდნენ და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად იღებს ინფორმაციას არსებული სასურსათო მარაგებისა და ფასების შესახებ. დღეისათვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მოსახლეობას პროდუქტების დიდი რაოდენობის შეძენის საბაბი არ აქვს; ასევე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. სოციალური პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის საწყობების ხელმძღვანელების განცხადებით, მარაგები საკმარისია და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა შეუფერხებლად ხორციელდება. ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებისგან (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა) პროდუქციის მოწოდების მხრივ პრობლემები არ არსებობს.
საბითუმო საწყობი „დაფნა“, შპს „ჯიბე“ და „მზიური“, სადაც ძირითადად საკვები ზეთის დასაწყობება ხდება, საკმარისზე მეტი პროდუქცია აქვთ და დამატებით ტვირთს რამდენიმე დღეში ელოდებიან.