ევროკავშირი-საქართველო ბიზნესსაბჭო მთავრობას მიმართავს
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემია მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც განვითარებულ, ასევე – განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე.
“საქართველოს მთავრობას მივმართავთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შესთავაზოს ბიზნესს – შესაბამის სექტორებს 3 თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება დაცული. ვინაიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით, უახლოეს თვეებში საქართველოში არსებულ სასტუმროებში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია; ასევე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები; სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დროებით შეჩერებულია ფრენები და ახლო მომავალში მოსალოდნელია საერთაშორისო ვიზიტორების კლება, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება ტურიზმსა და ჰორეკას სექტორს (HoReCa – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები). აღნიშნული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი და/ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების 3 თვით გადავადებას ან შემცირებას,” – აღნიშნულია ბიზნესსაბჭოს განცხადებაში.