ზურაბ აბაშიძე: მინისტერიალის თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არაა, ყველაფერი ჩვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემით ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ჩატარების თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის, დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება, პასუხი ყველა კითხვას გაეცემა,- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მინისტერიალი თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შესრულდეს.

„დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება, გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც გაქვთ. ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს, შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად და როგორ გაიმართება სესია, ერთი დღე მოვითმინოთ. თუ ეს ჩატარდება თბილისში, უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან, ასევე შევასრულოთ ვალდებულებები, რასაც გულისხმობს ჩვენი კანონი. ეს არის პრინციპი და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი“, – განმარტა აბაშიძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის გამართვის ადგილსა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სტრასბურგში დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები