მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის 4 მოქალაქის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ კორონავირუსზე დაკვირვების ქვეშ ირანის ოთხი მოქალაქე იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან მათი გამოკვლევების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ეზუგბაიას თქმითვე, პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ დასტურდება.
“ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვების ანთება, გამოირიცხა A და B ტიპის ვირუსი, პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. დიდი ალბათობით ჩატარებული კვლევების შედეგად, ალბათ არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც მობრძანდება, აიღებენ ტესტს ახალ კორონავირუსზე და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ირანის 4 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს შეიყვანეს.