აშშ-ში რუსეთის საელჩო: სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას, აუცილებელია მტკიცებულებები თან ახლდეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩო, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას მტკიცებულებები თან ახლდეს.
„სამწუხაროა, რომ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც ოდესღაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბულვარული ჟურნალების მეთოდებს. მათთვის მთავარი სენსაციაა. სამწუხაროა, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო იშვიათად იხსენებს, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლის საფუძველზეც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას აუცილებელია თან ახლდეს მტკიცებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის, ყველა აქტუალურ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოოს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.