თბილისის აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 25 წლის ქალი გადაიყვანეს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს ახალგაზრდა ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
მისი თქმით, პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და თუ 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, ფაქტი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება.
„დღეს, დილით აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი, რომელიც მოდიოდა ჟენევა-სტამბოლის რეისით. ეს ქალბატონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წამოსულია ჩინეთიდან. აეროპორტში მას ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ქალბატონი მაშინვე იქნა გაყვანილი საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა თერმომეტრიზაცია განმეორებით რამდენჯერმე და ტემპერატურა აღინიშნა 37.5 გრადუსი. ასევე დგინდება, რომ ეს გოგონა მუშაობდა მასწავლებლად დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან დაშორებულია 1000 კილომეტრით. 25 წლის ქალბატონმა ეს სივრცე როდესაც დატოვა, არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ იყო. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შვეიცარიაში, სწორედ ამ დროს დაფიქსირდა იმ პროვინციაში რამდენიმე შემთხვევა. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. პნევმონია გამოირიცხა. მას რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ უფიქსირდება. 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში თუ ტემპერატურა არ მოუმატებს, ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი და განმეორებითი ანალიზით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდება, ეს გოგონა არც ახლა და არც მომავალში არ განიხილება ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად“,- განმარტა ეზუგბაიამ.