“საქართველომ გადაიტანა თავისი წილი დაძაბულობა, ომი, ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, არამედ ის, თუ რამდენს მიაღწია”

საქართველომ გადაიტანა თავისი წილი დაძაბულობა, ომი, ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, არამედ ის, თუ რამდენს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეფორმების პროცესშია.

„დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა. დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში. გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში. გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა. გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული, გასაოცარია მისი შესაძლებლობა, ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს. 21-ე საუკუნემ წარმოაჩინა ახალი გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება. ესენია: კლიმატის ცვლილება, ხანდაზმული მოსახლეობა, მიგრაცია, ციფრული რევოლუცია და პოპულიზმი/პოლარიზაცია. გამოწვევების დასაძლევად ჩვენ, ყველა, მრავალმხრივ ფორმატში უნდა გავერთიანდეთ. მთელი ძალისხმევით უნდა განვსაზღვროთ, რა არის გასაკეთებელი. უნდა დავდოთ პირობა, რომ მხოლოდ დიალოგით გადავწყვეტთ მათი გადაჭრის გზებს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ქმედება დაეფუძნოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. თითოეულის მიზანდასახულობა გააძლიერებს ევროპის საბჭოს, ეფექტიანს გახდის მის ინსტიტუტებსა და წარმატებას მოუტანს მის წევრებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები