ირაკლი მეზურნიშვილი: ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა” ე.წ. შავ სიაში შეყვანილ 600 ათასზე მეტ მსესხებელს სესხები სრულად გაუნულა
„600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა” სესხები სრულად გაუნულა”, – ამის შესახებ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მან ამ მხრივ წინა მთავრობის უარყოფით პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, როცა დერეგულაციის პოლიტიკამ პრაქტიკულად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორში მოგვცა სავალალო შედეგები.
„დერეგულაციის პოლიტიკამ საფინანსო სექტორში და მხოლოდ აიდი ბარათებით სესხების გაცემის პრაქტიკამ საქართველოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა გამოიწვია და საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახადა, რომლის მოსახლეობასაც ბანკების მიმართ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვალი ჰქონდა და ამ მსესხებლების უმეტესი ნაწილი გადამხდელუუნარო იყო. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა შეიცვალა და ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულირების დაწესებით შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა ნაწილობრივ შეზღუდა, ხოლო 600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი და გამოთიშული იყო რეალური ეკონომიკიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა” სესხები სრულად გაუნულა, რითაც ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.