ლომჯარია წულუკიანს: ჩემთვის თქვენი პიროვნება არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები

ჩემი განწყობა ნამდვილად არ იყო, რაღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შემოვსულიყავი და არც ვაპირებ ამას, სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში, – ასე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

ლომჯარიას თქმით, წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა კომიტეტში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე საუბრობდა.

“ჩემი განწყობა ნამდვილად არ იყო, რაღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შემოვსულიყავი და არც ვაპირებ ამას, სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში. ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, მე, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას თქვენ იქნებით თუ სხვა იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. მეტიც, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რაც თქვენ გააკეთეთ შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ უნდა მიგეღოთ თქვენზე პირადად აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ ყურადღება გადაგეტანათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.

ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა და N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები