საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება გრძელდება – უკრაინელებს დღეს ვახტანგ კიკაბიძემაც მიუსამძიმრა (ფოტო)
საქართველოში უკრაინის საელჩოში 8 იანვრის შემდეგ სამძიმრის წიგნია გახსნილი, სადაც ჩანაწერს ქართველი პოლიტიკოსები, მინისტრები, მსახიობები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები აკეთებენ.
დღეს, წიგნში ჩანაწერი მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ გააკეთა.
13 იანვარს საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ასევე საქართველოს ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა იმყოფებოდა.
ასევე, საელჩოში მივიდნენ მინისტრები – მაია ცქიტიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი, დავით ზალკალიანი; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; „ლელოს“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ევროკავშირის ელჩმა და სხვა პირებმა.
8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის შედეგად, 176 ადამიანი დაიღუპა.
თავდაპირველად, ირანში განაცხადეს, რომ მომხდარის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა, თუმცა რამდენიმე დღეში აღიარეს, რომ თვითმფრინავში ირანის საიდუმლო ბაზიდან გაშვებული რაკეტა, შემთხვევით, მოხვდა.