სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

სტადიონებსა და სხვა სპორტულ კომპლექსებში 1–ლი იანვრიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული კანონი “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ძალაში, 2018 წლის 1 მაისიდან შევიდა.

პირველ ეტაპზე მოწევა აიკრძალა ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალა კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

აღნიშნულ ჩამონათვალს 1–ლი იანვრიდან შეემატა სტადიონები და სხვა სპორტული კომპლექსები.

კანონის თანახმად, სიგარეტის მოწევა დასაშვებია ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.

1–ლი იანვრიდან მოწევა დასაშვებია სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები