წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა
წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა რომის პაპთან, რომელმაც გულთბილ გარემოში ჩაიარა. შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა პონტიფექსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას გაესვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი – იოსების სიზმარი, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო, რომელიც გაფორმებული იყო სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია წმინდა საყდრის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.